რომენ გარი - ევროპული აღზრდა
"- რაზეა წიგნი?
- ადამიანებზე, რომლებიც იტანჯებიან, იბრძვიან და ერთმანეთს უახლოვდებიან.
- გერმანელებზეც?
- ..."
წიგნი 1943 წელს დაიწერა, რამდენჯერმე დარედაქტირდა და საბოლოოდ, 1945 წელს გამოიცა. ჟან პოლ სარტრის მოსაზრებით, რომელიც მეოცე საუკუნის ფრანგული ფილოსოფიის და ეგზისტენციალიზმის გავლენიან და მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენს და ასე თუ ისე დაეჯერება, წიგნი ერთ-ერთი საუკეთესოა მეორე მსოფლიო ომის თემაზე დაწერილ ტექსტებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ ავტორის - რომენ გარისთვის - ეს წიგნი პირველი რომანია, ამ გარემოებას ხელი არ შეუშლია, ბუნებრივი ოსტატობით და ძალდაუტანებლად მოეტანა ჩვენამდე მარტივი ჭეშმარიტება, რომ "ნამდვილი ფასეულობანი სიცოცხლისუნარიანია და ყველაფერს უძლებს."
იანეკი, 14 წლისაა. ის ყველაფრისთვის მეტისმეტად ახალგაზრდაა, გარდა შიმშილის, სიცივისა და ტყვიებისა. თუმცა, 1 წელიც საკმარისი აღმოჩნდება, მიიღოს ევროპული აღზრდა, რომელიც ტრადიციული საგანანათლებლო დაწესებულებების გვერდის ავლით, კაცობრიობის ბნელეთის გავლით გამოაწრთობს, განამტკიცებს და ჩამოაყალიბებს, როგორც მეტისმეტად ზრდასრულს. მისი ორი ძმა გერმანელებთან ბრძოლას შეეწირება, დედას ტყვედ აიყვანენ, მამა კი - დედის გამოხსნისას დაიღუპება, თუმცა სანამ დაეცემოდა, შესანიშნავი სამუშაო ჩაატარა. მთელი ავლადიდება, რაც მამისგან დარჩა, შემოიფარგლება: ბრაუნინგით, რომელსაც ორმოცდაათი ვაზნა აქვს; ათიოდე ტომარა კარტოფილით და დასამალი მიწურით. მამის სიკვდილის შემდეგ, მისივე დანაპირებისამებრ, იანეკი პოლონეთის პარტიზანულ მოძრაობას შეუერთდება და იწყება თავგადასავალი, რომელიც მისი ცხოვრების მდინარეს მნიშვნელოვნად უცვლის კალაპოტს.
მრავალეთნიკური პარტიზანული მოძრაობა, ე.წ. "მწვანეები" - როგორც პოლონელი, ისე უკრაინელი თუ ებრაელი პარტიზანებისგან შემდგარი - აუტანელ ყოფას, ყოველწამიერ ხიფათს, სიცივეს, შიმშილს, სიკვდილსაც კი თანხმდება, რათა უკანასკნელი ძალისხმევა გაიღოს და უბრძოლველად არ გადაულოცოს მიწა გაუმაძღარ გერმანელებს. მოქმედების არეალი, მოწინააღმდეგესთან შედარებით, ძალიან შეზღუდული აქვთ, რადგან არ მოეპოვებათ არაფერი უბადრუკი მიწურების გარდა. იქ დანთებული ცეცხლი კი, ზამთრის სიმკაცრის ზრდასთან ერთად ისევე სუსტდება, როგორც გამბედაობა და მომავლის იმედი მათში. გამეფებული სასოწარკვეთა და უიმედობა, ერთ-ერთ სტუდენტ პარტიზან დობრანსკის უბიძგებს, შექმნას ლეგენდა დაუმარცხებელი და გერმანელების ამაწიოკებელი "პარტიზანი ნადეჟდა"-ს შესახებ, რომელიც მალევე განსხეულდება მებრძოლთა წარმოდგენებში და ყველაზე მძიმე წუთებშიც კი ახსენებს, რომ ეს დღე მათთვის ბოლო არ არის და რომ "ხვალ პარტიზანი ნადეჟდა იმღერებს". იმღერებს აოხრებულ გერმანულ საგუშაგოებზე თუ გადამწვარ გერმანულ კოლონებზე... ნადეჟდა, თავისი სიმბოლური სახელით, ფსიქოლოგიურ ომს აწარმოებს მტრების მიმართ და თავისი არამატერიალური და ხელშეუხებელი არსებობით, ჰიტლერის დღის წესრიგსაც კი ცვლის, რომელიც ძვირფას დროს ახლა იმას ანდომებს, თავისი ქვეშევრდომები ამ ფანტომის არარსებობაში დაარწმუნოს.
მაგრამ არსებობს სხვა ომიც, ბევრად სისხლიანი, სადაც სხვების სიძულვილის იდეით - ნაციონალიზმით - შეპყრობილი გერმანია და ამ იდეის მცველი ჯარისკაცები ყოველი გამოწვევის მიღებისთანავე მზად არიან დახვეწილი საბრძოლო ხელოვნების საჩვენებლად. როგორ შეიძლება მათი გამკლავება? ძველი და კარგად ნაცადი ხერხით, არ შებრძოლებით. მაგრამ ერთი პირობით, ამისთვის რუსეთი უნდა იყო და თეთრი, თოვლიანი ჯოჯოხეთი გიცავდეს, როგორც თვალუწვდენელი თოვლის ბაბუა, დობრანსკის იგავიდან.
ღირს კი მათი ეს თავგანწირვა? მათგან უმეტესი ხომ ისე იღუპება, სიცივისგან, შიმშილისგან თუ ამხანაგთა ბრმა ტყვიისგან(მეთაური ჩერვი-, მაგალითად), თითქოს არც უცხოვრია. არც კონკრეტული შედეგი ჰქონიათ გერმანელთა ამოწყვეტის დიადი ამოცანის გადაწყვეტაში. ღირს, თუ დავუპირისპირებთ მათ ყოფას მაგალითად, ბურჟუებს, რომლებიც ყველა ქვეყანაში ერთნაირად ჰყარან. ისინი, ამ წიგნშიც ისეთივე მლიქვნელობას და ქლესობას მიმართავენ, როგორც ჩვეულებრივ და შედეგსაც ნაკლებად მოულოდნელს იმკიან, როგორც ეს მედუქნე პან იოზეფის შემთხვევაში მოხდა. პან იოზეფიც კვდება, მაგრამ არნახული სირცხვილით და შელახული თავმოყვარეობით - დიდად პატივცემული გერმანელი სტუმარი, მხოლოდ ვახშმით არ დაკმაყოფილდება და მისი ცოლის გაზიარებაზეც არ ამბობს უარს. ღირს იმ შემთხვევაშიც, თუ დავუპირისპირებთ ქალაქში მცხოვრებ ბედს შერიგებულ მოსახლეობასაც, რომელთაგან ერთნი თანახმანი არიან მეგობრებიც გასცენ ტომარა კარტოფილის გულისთვის, მეორენი საბრძოლველად წასულ ქმრებს გერმანელ საყვარლებში ცვლიან, იგივე ცარიელი მუცლის ამოვსების მოტივით. ზოგადად, კარტოფილი და კარტოფილით სავსე ტომრები ცალკე პერსონაჟია ამ წიგნში, თანაც არა ხელწამოსაკრავი, რადგან აქაური "სამყარო სხვა არაფერია, თუ არა ერთი უზარმაზარი ტომარა, რომელშიც მოქცეულია უფორმო, ბრმა და მეოცნებე კარტოფილების მასა - კაცობრიობა!"
იანეკს რომ დავუბრუნდეთ, არც თუ შესაფერის ასაკში იგი ამ სამყაროს ეცნობა: მკაცრს, სასტიკს, დაუნდობელს. არის კი მასში რამე, რის გამოც სიცოცხლე უნდა გაგრძელდეს? განუწყვეტელ ფიქრს ამაზე მხოლოდ მაშინ წყვეტს, როცა დახურულ კარს იქით შესრულებულ შოპენის პოლონეზეს მოისმენს. ეს არის მისთვის სრულყოფილება და საუბრის ყველაზე ამაღლებული ფორმა. ეს არის ის სილამაზე, რომელიც იმავე ადამიანებმა შექმნეს, რომლებიც დღეს ერთმანეთს ეომებიან. სადღაც რაღაც არასწორი გზით წასულა, რადგან თურმე არსებობს ისეთი გერმანელიც (!), რომელიც იარაღის ნაცვლად ბავშვებისთვის თოჯინებს ამზადებს! და არსებობდა გერმანელი, რომელიც დაუჯერებელია, მაგრამ ყველაზე საოცარ მუსიკას ქმნიდა... ამ საყოველთაო სასოწარკვეთაში და ნგრევაში, სინათლე მისთვის მხოლოდ მუსიკას მოაქვს, რომელსაც აყროლებული ჯურღმულის გადასხვაფერებაც შეუძლია, როცა 12 წლის ებრაელი ჟღალი ბიჭი თავისი გათოშილი ხელებით ვიოლინოს ხემს აამოძრავებს. მუსიკა და სიყვარული, რომელსაც პარტიზანთა ჯაშუშ თხუთმეტიოდე წლის გოგონასთან გამოცდის - ეს არის ჭეშმარიტი ღირებულებები და ისინი ყველაფერს გაუძლებენ. მამა მართალი ყოფილა.
მაგრამ ევროპული განათლება? რას გვასწავლის ის? - მხოლოდ იმას, "თუ როგორ ვიპოვოთ ჩვენში გამბედაობა, დამაჯერებელი და მისაღები მიზეზები, რომ ადამიანი მოვკლათ, რომელსაც შენთვის არაფერი დაუშავებია, აგერ ცხვირწინ ყინულზე გიზის, ციგურები ფეხებზე ჩამოუცვია, თავი დაუხრია და დასასრულს ელოდება..."
ახლა იანეკი პოლონეთის არმიის უმცროსი ლეიტენანტია, მან გამოსცადა მამისეული შეგონებაც და გაიარა ევროპული სკოლაც. ამ უკანასკნელმა, საბოლოოდ გაფანტა ყოველი ეჭვი და ახლა მან დანამდვილებით იცის, რომ მნიშნელოვანი არასდროს არ კვდება.
და მაინც ღირს კი მათი ეს თავგანწირვა? - რა თქმა უნდა! რადგან სამყარო, რომელშიც ჩვენ დღეს ვცხოვრობთ, "შედეგია იმ ადამიანი-ჭიანჭველების ჯაფისა, რომლებმაც რამდენიმე წლის უბადრუკი სიცოცხლის მანძილზე შექმნეს ენით აღუწერელი სილამაზე მომავალი საუკუნეებისთვის."
საოცრად გაქვთ გადმოცემული..
ReplyDeleteევროპული აღზრდა არის ბომბები, ხოცავ-ჟლეტა, სისხლიანი სასაკლაო, დახვრეტილი მძევლები. ადამიანები, რომლებიც იძულებულები არიან, სოროებში იცხოვრონ, როგორც გარეულმა ცხოველებმა.. ისტორიაში არსებობს პერიოდები, როდესაც ყველაფერი ის, რაც ადამიანს სასოწარკვეთის საბაბს არ აძლევს, ყველაფერი ის, რაც რწმენისა და ცხოვრების გაგრძელების სურვილით აღავსებს, დაცვას, თავშესაფარსა და სამალავს საჭიროებს. ეს თავშესაფარი ხანდახან შეიძლება სულაც სიმღერა იყოს ან კიდევ წიგნი.