ლაიონელ შრაივერი - კევინზე უნდა დაგელაპარაკო...
კევინზე უნდა დავილაპარაკოთ...
აქამდეც უნდა გვექნა ეს, სანამ 15 წლის კევინ კაჩადურიანი თავის გვარს საუკუნო დიდებას მოუტანდა და მასობრივ ხოცვა-ჟლეტას მოაწყობდა სკოლაში...
თანამედროვე ამერიკელი მწერლისა და ჟურნალისტის, ლაიონელ შრაივერის მიზანი, შეექმნა საყოველთაო სიძულვილის ობიექტი, შესრულებულია. შიშველი, პირდაპირი, შეულამაზებელი და შემაძრწუნებელი ისტორია დედისა, რომლის შვილმა მასობრივი მკვლელობა ჩაიდინა, თუმცა ესეც არ იკმარა, რათა დედისთვის, როგორც "მაყურებლისთვის" სანახაობა არ მოეკლო და დაეხოცა მთელი მისი ოჯახი. ეძია შური მასზე იმისთვის, რომ ამქვეყნად მოავლინა სრულიად გულგრილი, ნიჰილისტი, აპათიური და ყოველგვარი ინტერესისა თუ მისწრაფებისგან განძარცვული. სურს იმავე ნიჰილიზში გადაისროლოს ევა (დედა), როგორშიც მთელი 15 წელი უხდებოდა არსებობა. გამოსდის კიდეც, რადგან იმ ხუთშაბათის შემდგომ, პოლიციის განყოფილებაში მომლოდინე ევა, უჩვეულო განცდას აფიქსირებს, რომ საერთოდ არსად არ უნდოდა ყოფნა, ნეტავ იმ წუთას მოვმკვდარიყავი.
კი ეს იყო შურისძიება, მაგრამ თუ ასეა, რატომ არ მიმართა პირდაპირ ევას და რატომ შეიწირა სხვა სრულიად უდანაშაულო და კავშირში არმყოფი პირები? იმიტომ, რომ:
" - როცა წარმოდგენას დგამ, მაყურებელს ხელი არ უნდა ახლო...
- ე.ი. ჩემი ცოცხლად დატოვება საუკეთესო შურისძიება იყო."
ნაწარმოები საკმაოდ სქელტანიანია და ბუნებრივია, უამრავ კითხვასაც ბადებს. ნაწილი ჩემთვის პასუხგაუცემელი რჩება და ვაკონსერვებ, ან უბრალოდ არ მინდა მჯეროდეს, რომ ბოროტება თანდაყოლილია. ასეა კი? კევინი დაბადებიდანვე ამჟღავნებდა უცნაურ ხასიათს და დამაფიქრებელ ნიშნებს, რომლებიც მამის გარდა(ამაზე მოგვიანებით) ყველასთვის თვალშისაცემი იყო. დაბადებიდანვე უარყო დედა და შეიძულა სამყარო, მაგრამ ხდება თუ არა ადამიანის პიროვნების ფორმირება მუცლადყოფნის პერიოდიდანვე? ჰქონდა კევინს ზიზღის საფუძველი?
ევას წერილებიდან კარგად ჩანს, რომ შვილის ყოლის დაუოკებელი სურვილი, საკუთარი თავისთვის არასდროს შეუტყვია. "თუ უშვილოდ ცხოვრებას აზრი არ აქვს, რა აზრი შეიძლება ჰქონდეს შვილის ყოლას? საკუთარი ცხოვრების გამოცანას კიდევ ერთი ცოცხალი არსების გაჩენით თუ უპასუხებ - ეს ნიშნავს, რომ საზრისის ტვირთს შემდგომ თაობას გადააბარებ; ამგვარი ჩანაცვლება ლაჩრული და პოტენციურად უსასრულო გადავადების ტოლფასია. შენი შვილებისთვის პასუხი, სავარაუდოდ, ის იქნება, რომ მათაც უნდა იმრავლონ და ამით მოიშორონ პრობლემა - საკუთარი უმიზნობა შთამომავლობას მოახვიონ თავს." ამ ნაბიჯის გადადგმა, მხოლოდ და მხოლოდ, იმიტომ გადაწყვიტა, რომ, როგორც ფრანკლინი ამბობდა ახალი ფურცელი გადაეშალათ და ცხოვრებისეულ კითხვებზე ეპოვათ პასუხები. გრძნობდა ნაყოფი დედის ამ ნაძალადევ და ერთი შეხედვით, ზედაპირულ გადაწყვეტილებას? იქნებ, ჯერ კიდევ მაშინ გადაწყვიტა სამაგიეროს გადახდა ამ უპასუხისმგებლობისთვის. თუმცა ვინ იცის, იქნებ საფუძვლიანად შეცვლილიყო კევინის ჩანაფიქრი, დედა ჯიბრში რომ არ ჩასდგომოდა და პირველსავე უსაქციელობაზე ხელი არ ეკრა ახალშობილისთვის. იქნებ არ ღირდა თავისზე თხუთმეტჯერ პატარა არსებისთვის პრინციპულობის ჩვენება და უბრალოდ, მიეღო იგი ისეთად, როგორიც იყო, თავისი ღირსებებით და ნაკლოვანებებით. ამ ვარაუდს ისიც ამტკიცებს, რომ სრულიად სხვაგვარი მოევლინა ქვეყნიერებას კევინის და სელია. ამ შემთხვევაში, ევამ ზუსტად იცოდა რას აკეთებდა, გადაწყვეტილების მიღებისთანავე დაამყარა ემოციური კავშირი მომავალ შვილთან და ისიც მადლიერი და დამშვიდებული მოევლინა სამყაროს, რაკი გრძნობდა მყარ საყრდენს დედის სახით. გამოდის, კევინის ღვარძლი და ბოროტება მაინც შეძენილი და მიზეზშედეგობრივი ხასიათისაა და არა თანდაყოლილი.
კიდევ ერთი საყურადღებო გარემოებაა მამის ფაქტორი, რომელიც ძალისხმევას არ იშურებდა, დაერწმუნებინა თავი საკუთარი ოჯახის იდილიურობაში და უგულებელყო ევას ყოველი მცდელობა, გამოერკვიათ კევინის უცნაურობა. სწორედ მამის განურჩევლობამ იმისა, თუ რა არის, იმისგან, რაც უნდა იყოს - ანუ იმ გულისმომკვლელმა მიდრეკილებამ, რომ ის რაც რეალურად გაქვს, იმად მოგეჩვენოს, რასაც ყოველთვის ნატრობდი, ასეთ კატასტროფულ შედეგამდე მიიყვანა. ალბათ, მამის ილუზიისადმი ერთგულებამ უფრო დიდი ზიანი მიაყენა კევინს, ვიდრე დედის შეუპოვარმა პრინციპულობამ, ამოეცნო საკუთარი შვილის ბუნება.
მშობლობა რომ არც ისე იოლი რამეა, თავისთავადაა ცხადი. დედობა მით უფრო! მიუხედავად დიდი მონდომებისა, ენაწყლიანი გამოსვლებისა თუ ფემინისტების შეუპოვრობისა, მამის პასუხისმგებლობა ახლოსაც ვერ მიდის დედასთან, რომელიც თმობს საკუთარი შრომით მიღწეულ წარმატებას, პირად ინტერესებს, საკუთარ სურვილებს, საცხოვრებელს, სოციალურ მდგომარეობას და საბოლოოდ საკუთარი ხელით ითხრის სამარეს ცოცხლად მკვდრობისთვის. და ვერაფერს დაუპირისპირებ, როცა გულისტკივილით აღნიშნავს, რომ "ეჭვი მღრღნიდა, პირიქით რომ ყოფილიყო - ანუ შენ წარმატებული კომპანიისთვის გეხელმძღვანელა, მე კი გადასაღები პეიზაჟების მაძიებლად მემუშავა, - ევას ერთხელ და სამუდამოდ მოუწევდა თავისი საქმის მიტოვება."
რაც შეეხება იმ ხუთშაბათს, რამ მიიყვანა მოზარდი ბავშვი აქამდე? მოევლინა თუ არა ქვეყნიერებას, კევინმა თითქოს მაშინვე იგრძნო დისკომფორტი, უადგილობა და ბრაზი. ამის ხაზგასასმელად ატარებდა სწორედ რამდენიმე ზომით პატარა, მოტმასნილ ტანსაცმელს, თითქოს სულიერი მდგომარეობის გამოხატვა სურდა უბრალო ფიზიკური დისკომფორტით. კევინის თვალით დანახული სამყარო მთლიანად აფრიკას წააგავდა: ადამიანები ოფლად იღვრებოდნენ, საკვებს კენკავდნენ, იცუცქნებოდნენ, წვებოდნენ და სიკვდილს ელოდნენ. შიგადაშიგ, ინტერესდებოდნენ გარკვეული ნივთებით, მოვლენებით, თავგადასავლებით, ურთიერთობებით, რაც მისთვის სრულიად უცხო და მიუღებელი იყო, შესაბამისად, ჩვეულებრივ, მხოლოდ დაცინვას იმსახურებდა. თვითონ მას რაც შეეხება, ღრმა ბავშვობაშიც კი ერიდებოდა რაიმე სახის კავშირი ჩამოეყალიბებინა ერთი შეხედვით უბრალო საგნებთან, სათამაშოებთან, საკვებთან, რათა შემდგომში ეს მის სისუსტედ არ ქცეულიყო. ერთადერთი გატაცება, ევას მოულოდნელი აღმოჩენით, კომპიუტერული ვირუსების შეგროვება იყო. მისთვის ეს ერთგვარი "ალტრუისტული" საქმიანობა გახლდათ, რადგან თვითონ ვირუსის შემქმნელი ვერავითარ ხეირს ვერ ნახულობს, თუმცა ეხმარება სხვას ავი გაზრახვის სისრულეში მოყვანაში. იგივე მოტივით ირჯება მოგვიანებით თვითონაც, "კეთილი განზრახვით" საკუთარ თავზე იღებს სიმძიმეს, მოუსპოს მსხვერპლს ყოვლად უაზრო და არაფრისმომცემი სიცოცხლე. 1999 წლის 8 აპრილს, იგი ეკრანში შეხტა, მაყურებლიდან სანახაობად იქცა. "მას მერე უკვე ვიცი ჩემი ცხოვრების საზრისი: მე კარგი ისტორია შევქმენი. კი, შეიძლება ზედმეტად სისხლიანი გამომივიდა, მაგრამ აღიარეთ, რომ ყველას მაგრად მოგეწონათ". თუმცა ეს სულისკვეთება, რა თქმა უნდა, დიდხანს არ გაჰყოლია. ეჭვის ჭია, თავისსავე შექმნილ ჭეშმარიტებას შექმნის დღიდან ღრღნიდა, რადგან კევინისეული ჭეშმარიტება ნამეტნავად შორს იდგა რეალური ჭეშმარიტებისგან. საბოლოოდ, იგი აღიარებს მარცხს "მეგონა ვიცოდი...ახლა კი დარწმუნებული აღარ ვარ" და ევას აძლევს ახალ ძალას და შესაძლებლობას, რომ თავის ერთჯერად, მორყეულ, მუყაოს კოლოფში მცხოვრებმა, მოამზადოს მეორე საძინებელიც, სადაც სადა გადასაფარებელი იქნება გადაკრული და წიგნის თაროზე "რობინ ჰუდი" იდება. აძლევს ძალას, რომ პირველად აღიქვას მტკიცედ თავისი ვაჟის სიყვარული და ეს სიყვარული გასცეს მაშინ, როცა ყველაზე ნაკლებად იმსახურებს იგი ამას.
არსებობს წიგნის ეკრანული ვერსიაც, რომელიც 2011 წელს გამოვიდა და რომელიც თუნდაც მხოლოდ იმიტომ უნდა ნახოთ, რომ ტილდა სვინტონი თამაშობს; ან იმიტომ, რომ ეზრა მილერი უწევს ძალიან დიდ კონკურენციას; ან უბრალოდ იმიტომ, რომ სხვა რა აკეთოთ ვერ გადაგიწყვეტიათ...
არსებობს წიგნის ეკრანული ვერსიაც, რომელიც 2011 წელს გამოვიდა და რომელიც თუნდაც მხოლოდ იმიტომ უნდა ნახოთ, რომ ტილდა სვინტონი თამაშობს; ან იმიტომ, რომ ეზრა მილერი უწევს ძალიან დიდ კონკურენციას; ან უბრალოდ იმიტომ, რომ სხვა რა აკეთოთ ვერ გადაგიწყვეტიათ...
Comments
Post a Comment