ჟოზე სარამაგუ - სიბრმავე
ქართული ლიტერატურის წარმომადგენლებიდან, ოთარ ჭილაძე, ჩემთვის ერთ-ერთი გამორჩეულია, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ შექმნა არანაკლებ გამორჩეული რომანი "გზაზე ერთი კაცი მიდიოდა". 1998 წელს, მას ნობელის პრემია უნდა მიეღო, რომ არა ვიღაც პორტუგალიელი ჟოზე სარამაგუ. "მისი თანაგრძნობითა და ირონიით გამყარებული იგავის გამოყენება, გვაძლევს საშუალებას, გავარკვიოთ, თუ რა არის ილუზიური რეალობა"-ო - გადაწყვიტა ნობელის კომიტეტმა. თავიდანვე, პესიმისტურად განვეწყვე, თუმცა სარამაგუს "სიბრმავის" წაკითხვისას, რთულია იგივე განწყობის შენარჩუნება. ვისაც თავის ტკივილი და თავსატეხები უყვარს, გულგრილი ვერ დარჩება ამ წიგნის მიმართაც.
რამდენად მყარია სოციუმი, რომელსაც ვქმნით? რამდენად გვიცავს კულტურული თუ მორალური საფარველი პირველყოფილი ინსტინქტებისგან, რომლებსაც ჩვენში ვახშობთ? ძირითადად, ამის გარკვევას ცდილობს სარამაგუ, რომელმაც შექმნა აბსტრაქტული სამყარო, უსახელო ადამიანებით, სადაც მძვინვარებს თეთრი ეპიდემია და ერთმანეთის მიყოლებით ბრმავდება მთელი საზოგადოება. არავინ იცის, საიდან გაჩნდა ეს სენი, ან რა გზით ვრცელდება. ეს ადამიანები, არც ჩვეულებრივ უსინათლოებს გვანან, რადგან სრული უკუნის ნაცვლად, ისინი ხედავენ რძისფერ სითეთრეს, თითქოს ლიბრი გადაეკრათ, ან მათსა და გარესამყაროს შორის თეთრი ურღვევი ტიხარი გაჩნდა. ერთადერთი ადამიანი, რომელიც ინარჩუნებს თვალისჩინს - ექიმის ცოლია - თვალის ექიმის, რომელიც აგრეთვე დაბრმავდა. სხვა მოქალაქეების დასაცავად, მთავრობა მათ კარანტინში მოათავსებს, რომლის ფუნქციას ძველი, უფუნქციო ფსიქიატრიული კლინიკა ითავსებს. ამ დახურულ სივრცეში, უსინათლოთა თანაცხოვრებისას, ვხდებით სწორედ მათი გარეგანი თუ შინაგანი რღვევის მომსწრე.
სანამ უშუალოდ განვითარებულ მოვლენებს განვიხილავდეთ, საინტერესოა მწერლის ბიოგრაფიის რამდენიმე ეპიზოდის გაცნობა, რაც დიდწილად, მისი დამოკიდებულებების განმსაზღვრელი გახდა. სარამაგუს მოღვაწეობის პერიოდში, პორტუგალიას ფაშისტი დიქტატორი, ანტონიო დე ოლივეირა სალაზარი მართავდა. იგი ფაშისტური გერმანიისა და იტალიის ბელადების დიდი გულშემატკივარი გახლდათ და ცდილობდა იგივე სისტემა შეექმნა თავის სამშობლოშიც. ნაწარმოებში აღწერილი ფსიქიატრიული კლინიკაც, გარკვეულწილად, საკონცენტრაციო ბანაკების გამოძახილია, რომელიც სამხედროებით მკაცრად კონტროლდება. მთავრობის დამოკიდებულება მოქალაქეებისადმი კი, ძალიან ჰგავს ფაშისტების პირად მრწამსს:
"პრობლემა ადვილად გადაიჭრება, თუ უსინათლოებს დაბრმავებისთანავე გავანადგურებთ. უსინათლოების მაგივრად მკვდრები თუ გვეყოლება, დიდად არაფერი შეიცვლება.
- ყველა ბრმა მკვდარი როდია.
- ჰო, მაგრამ, ყველა მკვდარი ბრმაა."
სარამაგუს მხრიდან, არანაკლები ანტიპატიით არის წარმოდგენილი წიგნში ქრისტიანობა და ზოგადად რელიგია. ერთ-ერთ მონაკვეთში, როცა გაქცეული უსინათლოები ეკლესიას შეაფარებენ თავს, ექიმის ცოლი დაინახავს წმინდანთა გამოსახულებებს და ქანდაკებებს, რომლებსაც თვალები თეთრი ნაჭრით აქვთ ახვეული, იმის ნათელსაყოფად, რომ ეს წმინდანები სრულიად გულგრილი და ინდიფერენტულები არიან ამ ადამიანთა გასაჭირის მიმართ. უფრო მარტივად, არ/ვერ ხედავენ მათ განსაცდელს.
რაც შეეხება მიტოვებულ, გავერანებულ ფსიქიატრიულს და იქ განვითარებულ მოვლენებს, ეს არის ამბები ადამიანთა დაცემის, განვითარების რეგრესის და სისასტიკის, რაც უკიდურესი სასოწარკვეთის დროს შეიძლებოდა მათში გამოვლენილიყო. თვალისჩინთან ერთად, ადამიანები კარგავენ წესსა და რიგს. თავიდან მხოლოდ რამდენიმე უსინათლოთი დაკავებულ კლინიკას, სულ მალე ახალ-ახალი ჯგუფები ემატება დაავადებულების, რომელთა სამყოფი არც ადგილი რჩება და არც საკვები. უფრო მეტიც, მათი რიცხვის ზრდის პირდაპირპროპორციულად მცირდება საკვების რაოდენობა, რასაც გარედან აწვდის ჯანდაცვის სამინისტრო. კიდევ უფრო ამძიმებს ვითარებას უსინათლოთა ახალი ნაკადის შემომატება, რომლებიც იარაღს ფლობენ, შესაბამისად ძალაუფლებასაც. იტაცებენ მთელ მარაგს და საკუთარ მოთხოვნებს უმორჩილებენ კლინიკის დანარჩენ წევრებს, რომლებიც გატანჯული სხვადასხვა დაავადებებით, ანტისანიტარიით, საკვების უკმარისობით, მომნელებელი სისტემის გაუმართაობით, თანხმდებიან საკუთარი ქალები გაუგზავნონ სექსუალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, რათა მცირე ნაწილი მაინც მიიღონ პროდუქტებისა. "და ნეტავ რატომ ხდება, რომ ქალების სოლიდარობით ყოველთვის მამაკაცები რჩებიან მოგებული". შემზარავია, მაგრამ ასეა. საკითხავი მხოლოდ ის არის: სად უფრო მეტადაა შელახული ქალების როლი, მნიშვნელობა, პატივი და ღირსება. გამონაგონ სამყაროში, ვითომ?
როგორც უკვე ვახსენეთ, ერთადერთი თვალხილული ექიმის ცოლი რჩება, რომელიც ტყუის, თითქოს ისიც ბრმაა, რათა ქმართან ერთად წასვლის საშუალება მიეცეს. იგი აგრძელებს ამ ტყუილს, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს უპირატესობა ნაკლოვანებად არ ექცეს და ქმრის რჩევით, სხვა უსინათლოთა მონად არ იქცეს. თუმცა, ბრმათა მიერ შექმნილ ქაოსში, აუცილებელი ხდება ვინმემ ითავოს ორგანიზაციული საკითხები და ნებსით თუ უნებლიეთ, ექიმის ცოლი მათ ფარული ლიდერი ხდება. არის თუ არა ეს მინიშნება, რომ ნებისმიერ ადამიანთა ჯგუფს, სოციუმს, საზოგადოებას სჭირდება გამოკვეთილი ფიგურა გამოკვეთილი უპირატესობით, რომელიც დაინახავს იმას, რასაც სხვები ვერ ხედავენ და აკეთოს ის, რისი გაკეთებაც სხვებს არ შეუძლიათ? მათ შორის, საკუთარ თავზე აიღოს ყველაზე მძიმე პასუხისგებლობა და მოკლას ბანდიტური დაჯგუფების მეთაური, რომელიც მოსვენებას არ აძლევდა დანარჩენ უსინათლოებს და ამ მკვლელობას მოუძებნოს გამართლება, რომ ის უკვე მკვდარი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ცოცხლობდა? ვფიქრობ, კი.
მთელი სოციალური წყობის მოშლისთვის საკმარისი აღმოჩნდა ადამიანებისთვის წაერთმიათ, მხოლოდ ერთი შეგრძნება, რითაც ავტომატურად შეიზღუდა მათი მრავალი უნარი. უსინათლო ადამიანები იმდენად გადაგვარდნენ, რომ მათ ფონზე ყოველგვარი ადამიანობის, მზრუნველობის და ჰუმანურობის გამომხატველი ძაღლი ხდება. საოცარი პერსონაჟი, რომელსაც საოცარი სახელი აქვს - ცრემლის ძაღლი (dog of tears). მხედველობა აქ უბრალოდ ინსტრუმენტია. მთელი ნაწარმოები ალეგორიაა იმის საჩვენებლად, თუ რამდენად დიდი გავლენა აქვს კონკრეტული შეზღუდვების დაწესებას ადამიანებზე. რამდენად აქვეითებს ყოველი ჩარჩო მათ უნარს - შექმნან, განავითარონ, დახვეწონ, იზრუნონ და ა.შ. თუ რამდენად რთულია ყოველივეს შექმნა და რა მარტივი მისი განადგურება; "თუ რაოდენ უსუსურია უყურადღებოდ მიტოვებული სიცოცხლე."
მოულოდნელად თავს დატეხილი ეპიდემია, მოულოდნელადვე ქრება. თვალისჩინი ბრუნდება და მასთან ერთად დაკარგული გონიერება, რომელიც ყოფილ უსინათლოებს ახვედრებს, რომ "მგონი კი არ დავბრმავდით, არამედ ბრმები ვიყავით და ახლაც ბრმები ვართ. ბრმები, რომლებსაც მხედველობა აქვთ. ბრმები, რომლებსაც მხედველობა აქვთ, მაგრამ ვერ ხედავენ."
თუ ნაწარმოების კითხვა გადაწყვიტეთ და თქვენც გაიფიქრეთ, რომ ყველაზე უნიჭო რედაქტორის და გამომცემლობის ნახელავია, სადაც არც მძიმეა, არც წერტილი, არც გამოყოფილი დიალოგები, მაშინ ახლავე გადაიფიქრეთ, რადგან ჟოზეს თავის დამკვიდრება ასეთი ფორმით გადაუწყვეტია, საუბედუროდ, ჩვენი ნერვების ფასად...
2008 წელს, რეჟისორმა ფერნანდო მეირელესმა (იმედია, სწორად გამოვთქვამ) წიგნის მიხედვით გადაიღო სრული კატასტროფა, რომელსაც თავმოყვარე ადამიანმა თვალიც არ უნდა შეავლოს და რომელსაც იმანაც კი არ უშველა რომ მთავარ როლებს ჯულიანა მური და მარკ რუფალო ასრულებენ!
Comments
Post a Comment