ფრანც კაფკა - პროცესი
ვიცით, ყოველ შემთხვევაში, გვსმენია, რომ განსაცდელი ყოველი ადამიანის ყოფიერების თანხმლები და განუშორებელი ნაწილია, თუმცა, როგორც წესი, ამის შესახებ წინასწარ არ გვატყობინებენ ხოლმე.
ახლა წარმოვიდგინოთ, ერთი ჩვეულებრივი(ჯერჯერობით) დილა, ჯერ ბოლომდე თვალებიც არ გაგიხელია და გამცნობენ, რომ ზუსტად ეს დღე დადგა - დაპატიმრებული ხარ! კარგი, ამ ფაქტს გაგებით მოეკიდებოდი, რამე დანაშაულებრივი რომ ჩაგედინოს (გაგეფიქრებინოს მაინც), მაგრამ მასგავსი თუ არაფერი მომხდარა?
ბუნებრივია, ჩნდება კითხვები, ეძებ მიზეზებს, საფუძველს, ბოლო-ბოლო ფარულ კამერას! მაგრამ ხუმრობას, ეს ყველაფერი ნაკლებად გავს. ერთი შეხედვით, ცხოვრება ჩვეული ერთფეროვნებით მიიზლაზნება, მაგრამ გამუდმებით თან გდევს ფიქრი, რომ ბრალდებული ხარ. შენ შეეჯახე უზარმაზარ, უფორმო, თანამშრომელთა უსასროლო რაოდენობით დაკომპლექტებულ სასამართლოს, რომლის რეალური არსი არავინ იცის. ყოველი დასაქმებულის ფუნქცია მკვეთრად შემოსაზღვრულია და მას ვერაფრით გასცდება. შენ შეეჩეხე ამ ყველაფერს მარტო და ბრძოლაც, რომელიც გარდაუვალია, ასევე მარტოკამ უნდა მოიგო. რადგან ეს შენი განსაცდელია, მხოლოდ და მხოლოდ შენი!
ამ ბრძოლაში, შენ გამუდმებულ ჭიდილში უნდა იყო, რადგან, როგორც ერთგან ერთ-ერთი ბრალდებული ჩვენს უგვარო პროტაგონისტს ეუბნება " ეჭვმიტანილისთვის მოძრაობა სიმშვიდეზე უკეთესია, რადგან როცა მშვიდად ხარ. შეიძლება ვერ გრძნობდე, რომ სასწორზე აღმოჩნდი და მთელი შენი ცხოვრებიანად საცაა აგწონიან".
საწყის ეტაპზე, მთავარი გმირი, სხვათა დახმარების იმედად მყოფი, დიდად არ წუხს მომხდარზე, მაგრამ როგორც კი გამოიკვეთება, რომ მათი მცდელობა სრულიად უშედეგო და გულგრილია, გადაწყვეტს, საკუთარ თავზე იტვირთოს მთელი სიმძიმე. მაშინ იგი უკვე ნამდვილ ბრძოლას იწყებს, ხოლო მის ცხოვრებაში თანდათანობით ჩნდებიან ადამიანები, უშუალოდ დაკავშირებული სასამართლო სტრუქტურასთან, რომლებიც არკვევენ და მიმართულებას აძლევენ მას, მაგრამ ამასთან, ყოველი მათგანი, დიდ უიმედობას უნერგავს და თავიდანვე განაწყობს, რომ არაფერი გამოუვა. ეს ხომ არავის არ გამოსვლია აქამდე! ეს მონაკვეთი ძალიან ჰგავს ბაყაყების იგავს. როცა ისინი ბოძზე ასვლაში ეჯიბრებიან ერთმანეთს, ირგვლივ ყველა ყვირის და ყაყანებს, რომ ეს წარმოუდგენლად რთულია და რომ მათ ამის შანსიც არ აქვთ. ბაყაყები რიგრიგობით ცვივა ბოძიდან და მხოლოდ ერთი მიაღწევს ფინიშს. ის, რომელიც ყრუ იყო. ისევე, როგორც ამ შემთხვევაში, იოზეფ კ-ს ირგვლივაც მრავლად არიან მსგავსი ენთუზიასტი "გამამხნევლებლები" და წვეთ-წვეთობით უკლავენ იმედს. კ-ს კი ამ ბრძოლაში ყველაზე უფრო სჭირდებოდა რწმენა. რწმენა იმისა, რომ ადამიანი, მთელი თავისი არსებით, გაცილებით მაღლა დგას ნებისმიერ სისტემაზე და გაცილებით ახლოა სრულყოფილებასთან. ამიტომ მხოლოდ მას, მხოლოდ ერთს შეუძლია ალაგმოს მთელი ეს უსახური სისტემა, გაიმარჯვოს მასზე, დასძლიოს განსაცდელი და მნიშვნელოვანი გარდატეხა მოახდინოს თავისსავე სულიერი განვითარების გზაზე. ძნელია, თუმცა აუცილებელი. აუცილებელი, რადგან ის არის ტიპიური ჰესესეული ბიურგერი, უკვე მოპოვებული კონკრეტული სოციალური სტატუსით, ქონებით, სახელით და მისი დღეები, ყოვლად განუსხვავებელი ერთმანეთისგან, მიედინება ჩუმად, ყოველგვარი კვალის გარეშე. მსგავსი ყოფით კი ადამიანი სიცოცხლეშივე კვდება, ამიტომაცაა საჭირო გამოფხიზლება და სწორედ ამ მიზანს ემსახურება ერთი ჩვეულებრივი დილის გარდაქმნა არა-ჩვეულებრივად. განგება გაძლევს შანსს, დარჩე ადამიანად. როგორ გამოიყენებ ამ შანსს, დამოკიდებულია მხოლოდ შენზე. ეს გამოწვევაა, საბედისწერო გამოწვევა, რომელიც განსაზღვრავს , გადარჩები და ამაღლდები, თუ უსახურად დაიღუპები.
ნაწარმოები სავსეა ალეგორიებით, რაც კითხვის პროცესს ანელებს და ბევრ თავსატეხს აჩენს, მაგრამ ყველა კვანძი იხსნება კ-ს მღვდელთან საუბრისას იგავში, რომელსაც მღვდელი (რომელიც სულაც არ არის მღვდელი, არამედ სასამართლოს კაპლანი) უამბობს მას კანონის წინასიტყვაობიდან. მიანიშნებს რა, რომ კანონის მცველი მსახურია თავისუფალი ადამიანისა. ადამიანის, რომელიც იმ კარიბჭეში შესვლას ცდილობს, თუმცა როგორც მცველი ეუბნება, ჯერჯერობით მისთვის მიუწვდომელია. თავისუფალი ადამიანი, რა თქმა უნდა, შეუზღუდავია თავის ქმედებაში. ამჯერად, იგი იქვე, კარიბჭის წინ ჩამოჯდომას და ლოდინს ირჩევს. მან მცდარი გზა აირჩია, ისევე, როგორც კ-მ, ამიტომ დამარცხდა ორივე მათგანი. სიცოცხლის ბოლოს, თავისუფალი ადამიანი სვამს ერთადერთ გონივრულ შეკითხვას: "ამდენი წელია აქ ველოდები, რატომ სხვას არავის უცდია კარიბჭეში შესვლა?
- უძღებო ადამიანო, იმიტომ რომ ეს კარი მხოლოდ შენთვის იყო განსაზღვრული, ახლა კი წავალ და დავკეტავ".
კ-ც მხოლოდ სიკვდილის წინ იაზრებს, რომ მიუხედავად მრავალგზის ბოძებული შესაძლებლობისა, იგი დამარცხდა. რომ განუსაზღვრელი თავისუფლების მიუხედავად, საკუთარი ორი ფეხით ჩაბარდა სასამართლოს, ისე რომ არასდროს უნახავს მოსამართლე, რომელმაც განაჩენი გამოუტანა. არც უზენაესი სასამართლო, რომლისკენაც მიიწევდა. იქნებ ეს არც იყო განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე და კ-მაც მთელი ძალისხმევა მცდარი მიმართულებით წარმართა. ამ შეცდომებმა მას რწმენა წაართვა და შთაინთქა, როგორც ერთი უმნიშვნელო ნაწილაკი, რომელსაც თითქოს არც არასდროს უარსებია, ხოლო სირცხვილი, რომლითაც აივსო სიკვდილის წინ, "მასზე მეტხანს იარსებებდა".
Comments
Post a Comment