ფილიპ კ. დიკი - კაცი მაღალ კოშკში
სკოლაში სწავლის პერიოდში, ე.წ. უფროსები კომუნიკაციის დამყარებისას, ძალიან ხშირად იყენებდნენ ერთსა და იმავე ნაცად ტაქტიკას - მისვამდნენ სრულიად უაზრო კითხვებს. ერთ-ერთი ასეთი იყო: რომელი საგანი გიყვარს ყველაზე უფრო? მეც, როგორც კარგი და ზრდილობიანი გოგო, ხასიათის შესაბამის პასუხს ვიძლეოდი, თუმცა ახლა რომ ვფიქრდები, ეს არასდროს ყოფილა - ისტორია. ზოგადად, ნაკლებად ვხვდები ადამიანებს, ვისაც წარსულში ჩხრეკა და მითუმეტეს, წარსული გამოცდილებით ხელმძღვანელობა დიდად ეპიტნავებოდეს. სამწუხაროდ... რადგან, წარსულის თითოეული მოვლენით განსაზღვრულია ჩვენი დღევანდელობა. ჰო, ვიცი, ახალს არაფერს ვამბობ, უბრალოდ მინდა მეტი სიცხადისთვის გაგაცნოთ ალტერნატიული აწმყო, თუ მომავალი, რომელშიც ვიცხოვრებდით, მეორე მსოფლიო ომში, ნაცისტურ გერმანიას რომ გაემარჯვა.
ფილიპ კ. დიკი, ცნობილი წარმოსახვის შესაშური უნარით, 1962 წელს, აქვეყნებს თავის მთავარ (ჩემი აზრით) ნაწარმოებს "კაცი მაღალ კოშკში", სადაც გამარჯვებულმა ღერძის სახელმწიფოებმა აშშ ორად გაიყო. აღმოსავლეთი ნაწილი გერმანიას ერგო, ხოლო დასავლეთი - იაპონიას. მათ შორის მოქცეულია ე.წ. ნეიტრალური ზონა, რომელიც კოლორადოს შტატზე გადის და შედარებით უსაფრთხოა, რადგან ნაკლები გავლენის სფეროს წარმოადგენს დამპყრობელთა მხრიდან. "[გერმანელები] ყოველთვის იმაზე დიდ ლუკმას კბეჩენ, ვიდრე ჩაყლაპვა შეუძლიათ", მათი იმპერიალისტური ზრახვები აქ არ მთავრდება, რაც, შესაბამისად ბზარს აჩენს იაპონიასთან ურთიერთობებში. გერმანია დედამიწითაც ვერ კმაყოფილდება და გეგმებს მარსის დაპყრობისთვისაც ამუშავებს. ძალიან საინტერესოა, როგორ აშარჟებს ამ პროცესს ამერიკული ტელევიზია - "გერმანელი მაიორი რამდენიმე მარსელს აპატიმრებს, მარსელებს კი არ შეუძლიათ დოკუმენტების წარდგენა, რომელთა თანახად, ისინი წარმოშობით არიელები არიან. გერმანელი მაიორი ბერლინში აგზავნის შეტყობინებას,რომ მარსი ებრაელებითაა დასახლებული, იქაური ებრაელები სიმაღლით თითო ფუტი არიან და ორ-ორი თავი აქვთ". ამ ურთიერთობების შემდგომი განვითარება წიგნში არ არის ნაჩვენები, მაგრამ სიმართლე ვთქვათ, მისი გამოცნობა არც ისე დიდ სიძნელეს წარმოადგენს. "გერმანული ტოტალიტარული საზოგადოება ხომ სიცოცხლის იმგვარ ფორმას წააგავს, რომელიც შეცდომით გაჩნდა".
თავად ამერიკელებს რაც შეეხებათ, მათი ცხოვრების სტილი, კულტურა, ხელოვნება ჩრდილშია მოქცეული და მძაფრ აღმოსავლურ გავლენას განიცდის. მაგალითად ჩინური ფილოსოფიის ძეგლის - " გარდაქმნათა წიგნის" გამოყენების მასშტაბურობის მოყვანაც საკმარისია. რიგითი ამერიკელები, ყოველი ნაბიჯის განსაზღვრისას, რეგულარულად იშველიებენ ამ წიგნს და მხოლოდ კონკრეტული ფიგურების კომბინაციას ანდობენ მომავალს. ეს ყველაფერი თამაშს ჰგავს, ადამიანები თავიანთი ცხოვრებით თამაშობენ, სრულიად გაუცნობიერებელ გადაწყვეტილებებს იღებენ და ქმნიან ქაოსს. თუმცა, ღრმად ქვეცნობიერში, გრძნობენ კუთვნილის დაბრუნების აუცილებლობას, ამიტომაც ამჟღავნებენ ამხელა ინტერესს, ჰოთორნ აბენდსენის წიგნის მიმართ, რომელიც მათ სამყაროში სთავაზობს მოვლენების ალტერნატიული განვითარების სცენარს, სადაც ომში გამარჯვებულთა მხარეს ამერიკა აღმოჩნდა. ერთგვარი დიქოტომია... საინტერესო ნიუანსია, რომ ამ წიგნის სათაური ბიბლიური წარმოშობისაა - "შეესია კალია ქვეყანას". სწორედ, ეს აკრძალული წიგნი აგრძნობინებს მათ, რომ "სიკვდილი დიდად არ განსხვავდება აქ ჯდომისა და მანქანების გამონაბოლქვის შესუნთქვის ან კოქტეილის ჩხირით შეწრუპვისგან". ეს what if ხასიათის ტექსტი მუხტავს მათ მოძრაობის სასიცოცხლო ენერგიით.
![]() |
ნაცისტური აშშ |
ცალკე აღსანიშნავია კულტურათა დაპირისპირება, იქნება ეს ამერიკული, იაპონური თუ გერმანული. უმეტესად გამოხატული, ამ ქვეყნების წარმომადგენელ პერსონაჟთა მორალური გადაწყვეტილებების მიღებით, კარგისა და ცუდის ინტერპრეტაციით და მათეული გაგებით. ამ დაპირისპირებაში, უპირატესობა ნამდვილად ერთ მხარესაა, რასაც სრულიად ვიზიარებ. ეს გახლავთ - იაპონია - "მათთან შედარებით თითქოს სანახევროდ ვართ გამომცხვრები. ალბათ, ქურიდან დროზე ადრე გადმოგვიღეს".
ყველაზე დამაინტრიგებელი კი, ამ წიგნში მაინც არის დასასრული, რომელიც სულაც არ არის დასასრული. რადგან, აქ სულაც არ იკვრება სიუჟეტი და სულაც ვერ პოულობ პასუხებს, ეჭვი მაქვს მიზანმიმართულადაც. ერთადერთი, რაც კითხვის დასრულებისას მოგიცავს, ეს არის განწყობა, რომელიც ძალიან ჰგავს ამავე ტექსტში გამოყენებულ, ესა ნო ბუსონის ჰაიკუს.
"გაზაფხულის წვიმა ასველებს სახურავს,
იქვე შეგდებული,
ბავშვის ნაჭრის ბურთიც ილუმპება"
Comments
Post a Comment