ფრანც კაფკა - ამერიკა

ოცნებები ამერიკაში ხდება, მაგრამ არა კარლ როსმანისთვის. აქ თანაგრძნობის იმედი არ უნდა გქონდეს, რადგან მხოლოდ იღბლიანების ხვედრია, დატკბნენ ბედნიერებით, ასევე უდარდელ მოძმეთა გარემოცვაში. 

კარლისთვის ამერიკა სასჯელია იმ უსაქციელობისთვის, რომელშიც მისი ბრალეულობა ყველაზე ნაკლებია. მოახლე, თავისივე "დაჟინებით", მისგან შვილს ელოდება. კარლის მამისთვის კი, ეს საკმარისზე მეტი აღმოჩნდა იმისთვის, რომ უცხო მხარეში გაესტუმრებინა შვილი.

ზოგადად, მამების და შვილების განსხვავებულ ენებზე საუბარი, პირადი ტკივილიდან და ბავშვობის ტრავმებიდან გამომდინარე, ძალიან ხშირად გვხვდება კაფკას ტექსტებში. მამას ერთი უნდა, შვილს - მეორე, მაგრამ რაკი მამა ძლიერია, შვილი გამუდმებით მსხვერპლად იქცევა, მამა კი - თვალებახვეულ მოძალადედ. შესაძლოა, სწორედ მამისადმი ჩამოყალიბებული დამახინჯებული გრძნობები ხდება მიზეზი იმის, რომ ემიგრაციაში მყოფ კარლს, ცხოვრების არცერთ ეტაპზე არ ახსენდება საკუთარი შვილი. ან ახსენდება, მაგრამ ცდილობს თავის შორს დაჭერით, შვილს მაინც აარიდოს ის განსაცდელი, რომელმაც მასში შეუქცევადი სულიერი ძვრები გამოიწვია და გამოაცალა მთელი ძალები, რათა ცხოვრებისეულ სიძნელეებზე მტკიცედ ეპასუხა. 

ამერიკაში ჩასულ კარლს, პირველი, რაც თვალწინ აღუდგება და მის განცვიფრებას გამოიწვევს თავისუფლების ქანდაკებაა, რომელსაც ხელში მახვილი უჭირავს. სინამდვილეში, არავითარი მახვილი არ არსებობს, თუმცა ეს კარგი სიმბოლიზაციაა იმის, რომ უცხო მიწა მას მეგობრულად არ ხვდება, პირიქით, უფრო და უფრო მეტ განსაცდელს უმზადებს და საბოლოოდ ხდება მისი განადგურების მიზეზი. მავანმა შეიძლება იფიქროს, რომ ეს ტექნიკური შეცდომაა, რომელიც ბუნებრივი შეიძლება იყოს მწერლისგან, რომელიც ამერიკაში ნამყოფი არ არის. თუმცა, მისი ხელნაწერებიდან ირკვევა, რომ კაფკა მშვენივრად გახლდათ ინფორმირებული ამ ქვეყნის შესახებ. ასევე, ნიშანდობლივია, რომ იგი სახელწოდებად იყენებს Amerika-ს და არა - America. ზოგადად, ასო K-თან მისი დამოკიდებულება ცალკე უნდა აღინიშნოს, რადგან მომდევნო 2 მთავარი ტექსტის პროტაგონისტიც ვინმე K (ქეი) გახლავთ. 


მე-20 საუკუნის დასაწყისში, როცა ეს წიგნი იწერებოდა, ამერიკა დანარჩენი მსოფლიოსთვის თავისუფლების, შესაძლებლობების, განვითარების, პროგრესის, ყოველივე სანუკვარის ეტალონი იყო. ამ დროს ჩნდება წიგნი, რომელიც სრულიად თავდაყირა აყენებს არსებულ წარმოდგენებს, გვიჩვენებს ახალგაზრდა, გულუბრყვილო კაცის გაქრობას ამერიკულ კაპიტალისტურ საზოგადოებაში. კარლი, ყველაზე მაღალი სოციალური კიბიდან სასოწარკვეთით ვარდება ქვემოთ და ეს ვარდნა შეუქცევადია, რადგან მას არ აღმოაჩნდება სასიცოცხლოდ აუცილებელი უნარები, რომელიც ასეთ საზოგადოებაში გადარჩენის წინაპირობა გახდებოდა. მისთვის ამერიკა - ეს არის აივანზე გამავალი თვალუწვდენელი ქუჩები, რომელთა ნაპირებზე ერთ სიმაღლეზე გადაჭრილი შენობებია ჩამწკვრივებული; მანქანების დაუსრულებელი ქაოსური მოძრაობა, რომლის გადაკვეთა ქვეითს შეიძლება სიცოცხლის ფასად დაუჯდეს; შრომითი ექსპლუატაცია, რომელიც 9 წლის ბავშვსაც არ ინდობს და არაადამიანური დატვირთვით უსპობს ბავშობას, მაგრამ შრომა აუცილებელია, რათა გადარჩე. გამუდმებით იმეორებდა თავისთვის, რომ მნიშვნელოვანია არა სამუშაოს ხასიათი, არამედ მისი შენარჩუნება. კარლი, თავის მხრივ, ცდას არ აკლებს, ფეხი აუწყოს ახალ ცხოვრების რიტმს, მაგრამ ყოველ ჯერზე იგი უფრო და უფრო სასტიკად ისჯება და ყოველთვის იმისთვის, რაც არ ჩაუდენია. შეუძლებელია თავის დაცვა, როცა საამისოდ არავითარი კეთილი ნება არ არსებობს - ფიქრობს იგი.

ამერიკა დაუსრულებელია, როგორც კაფკას მრავალი სხვა ტექსტი. თუმცა, როგორც მისი ხელნაწერებიდან ირკვევა, სოციალური კიბის ფსკერზე აღმოჩენილი კარლი უნდა მომკვდარიყო. მართალია, არა ისე სასტიკად, როგორც მაგალითად, ჟოზეფ ქეი (პროცესი), მაგრამ ბოლო მათ ერთი უნდა ჰქონოდათ. კაფკას, ასე თუ ისე, თბილი დამოკიდებულება აქვს კარლის მიმართ, რაც ნაწილობრივ, კარლის ახალგაზრდობით, მიამიტობით და უდანაშაულობით არის განპირობებული. კაფკასეული პირქუში და დამზაფვრელი თხრობა, ამ წიგნში მხოლოდ სათავეს იღებს, ამიტომ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგი საკმაოდ ნათელი და მსუბუქი ტექსტია სხვებთან შედარებით. 

Comments

Popular posts from this blog

მარგარეტ ეტვუდი - მხევლის წიგნი

ფილიპ კ. დიკი - კაცი მაღალ კოშკში

ფრანც კაფკა - პროცესი