რეი ბრედბერი - მარსის ქრონიკა
![]() |
"მარსის ქრონიკა", ერთი შეხედვით, ერთმანეთთან კავშირის არმქონე, სხვადასხვა ეპიზოდების კრებულია, რომლებიც ნაცნობი თუ უცნობი მოვლენების, აღმოჩენების, დედამიწელების და მარსელების, მათი ისტორიების და უზარმაზარი ტექნოლოგიური წინსვლის პარალელურად, ყვება ადამიანურ ტრაგედიებზე და განცდებზე, რომლებიც განვითარების ყველა საფეხურზე მსგავსი რჩება და აერთიანებს სამყაროს ყველა სულიერს, იქნება ეს დედამიწაზე თუ მზის სისტემის სხვა პლანეტაზე.
განსხვავებული ფრაგმენტული თხრობის მიუხედავად, წიგნში აღწერილია დედამიწელების მიერ მარსის ეტაპობრივი კოლონიზაცია, რომელიც უცნაურად გავს ევროპელთა მიერ ამერიკის კონტინენტის დაპყრობას. თავდაპირველ მარცხთა მიუხედავად, დედამიწიდან კვლავ და კვლავ იგზავნება ექსპედიციები, სანამ საბოლოოდ, წარმატებით არ დამკვიდრდებიან და გაანადგურებენ ადგილობრივ ცივილიზაციას. ერთ-ერთ თავში, მარსზე ჩასულ მეოთხე ექსპედიციას ადგილობრივი მოსახლეობა განადგურებული დახვდება, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდება, დედამიწელების მიერ ჩატანილი უბრალო ჩუტყვავილათი, რომელსაც დედამიწაზე ბავშვის იმუნიტეტიც კი ერევა და რომელსაც, ბედის ირონიით, ასეთი სასაცილო სახელი აქვს. " ეს იგივეა, ძველი ბერძნების შესახებ რომ ვთქვათ, ისინი ყბაყურამ ამოწყვიტაო, ანდა ამაყი რომაელები ბრტყელტერფიანობისგან დაიხოცნენო თავიანთ მშვენიერ ბორცვებზე". მთელი ცივილიზაცია, მილიონობით წლის ევოლუცია წამში ნადგურდება და მხოლოდ რამდენიმე მარსელი უშველის თავს მთებში გახიზვნით. მარსი, თავისი მარმარილოს ქალაქებით, ხშირი ვერცხლისფერი არხებით, ბროლის სახლებით, რომლებიც მზესუმზირასავით იშლება მზის სინათლეზე, დედამიწელების ხელში აღმოჩნდება. ეს უკანასკნელნი კი დაუფიქრებლად ბილწავენ და შეურაცხყოფენ უცხოთა სიმდიდრეს. ერთადერთი ადამიანი, რომელიც მომხდარის გამო თავს დამნაშავედ გრძნობს, ეკიპაჟის წევრი სპენდერია, რომელიც, როგორც ხდება ხოლმე, მარტოდმარტო აღმოჩნდება თავის რწმენასთან. იგი, ერთადერთი მოიხიბლება უცხო კულტურით, ვერცხლისფურცლებიანი მომღერალი წიგნებით, მარსელ ფილოსოფოსთა ნააზრევით, მათი უნარით ერთმანეთთან შეაზავონ ყოველდღიური ყოფა ხელოვნებასთან, მაშინ როცა რიგითი ამერიკელისთვის "ხელოვნება განკერძოებით მდგარი საგანია. მისი ადგილი ცოტა შექანებული ვაჟიშვილის ოთახში თუ მოიძებნება, ზედა სართულზე. დანარჩენები საკვირაო ულუფებით იღებენ მას, რელიგიით განზავებულს, რასაკვირველია". მარსის გულშემატკივარი სპენდერი, მარტოდმარტო იბრძვის "ყოველთვის მართალი" უმრავლესობის წინააღმდეგ, რათა ოდნავ მაინც გადაავადოს დედამიწელთა მიერ მარსული ცივილიზაციის გარდაუვალი ხელყოფა. ის მარცხდება, მაგრამ პოულობს თანამოაზრეს ექსპედიციის კაპიტნის სახით, რომელსაც საკმარისი გამბედაობა არ აღმოაჩნდება იმისთვის, რომ სპენდერის გზა გააგრძელოს.
მთავარი პირველი წარმატებული ექსპედიცია იყო, მერე კი დაგუბებული წყალივით მოასკდება მარსს მისთვის უცხო პლანეტის მკვიდრნი, რომლებიც მშობლიურ მიწას იმიტომ ტოვებენ, რომ იქაურ უგუნურ ცხოვრების წესს, უგუნურ პოლიტიკოსებს, უგუნურ ყოფას და კონტროლს გაექცნენ, მაგრამ მალევე აღოაჩენენ, რომ ახალ პლანეტაზეც იგივე სახლები, იგივე სახელები, იგივე მცენარეები, იგივე მაკონტროლებელი საშუალებები, იგივე ამერიკა მოუწყვიათ. შიგადაშიგ, გამოერევიან სპენდერის თანამოაზრეები, მაგრამ მათი სიმცირე საერთო სურათს ვერ ცვლის. ცხოვრობენ დედამიწას გაქცეული დედამიწელები უცხო მიწაზე მშობლიურის ნოსტალგიით და 60 მილიონი მილის სიშორიდან ადევნებენ თვალს მწვანე პლანეტას, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს ცაზე მათ თვალწინ აფეთქდება. ისინი გახდებიან მაყურებლები თავიანთი მშობლიური ქალაქების, ახლობლების, მოგონებების ბირთვულ ზამთრად გადაქცევის. ამ დღეზე ყველა ფიქრობდა, სწორედ ამას გაურბოდნენ, თუმცა დაჯერებით არავინ იჯერებდა, რომ ადამიანთა უმეცრება ამ ზღვრამდე მივიდოდა. ნაწილი უკანმოუხედავად დაბუნდება, უფრო მცირე ნაწილი კი იქვე რჩება და ებრძვის მარადიულ მარტოობას, რომელიც დროზე მეტად კლავს!
ისტორიები უამრავია, უამრავ პერსონაჟზე, რომელთა თხრობის ხასიათი დიდწილად თვითონ პიროვნებას განსაზღვრავს. ნაწილს ვგულშემატკივობ, უფრო დიდ ნაწილს ვერა, თუმცა არსებობს რამდენიმე ეპიზოდი, რომელთაც გულგრილად ვერ ჩაუვლი. ერთ-ერთი ასეთია ისტორია მარსელზე, რომელიც თავისი ტელეპათიური უნარის წყალობით დედამიწელების ტყვეობაში აღმოჩნდება, რადგან მათ დაკარგულ შვილს, ცოლს, ახლობელს განასახიერებს. თითოეულმა მათგანმა იცის, რომ ეს ტყუილია, ილუზიაა, მოჩვენებაა, მაგრამ მაინც თავისკენ ექაჩება, თავისთვის უნდა. მარსელი მათთან მშვიდობით მოვიდა, მშვიდობიანი თანაარსებობისთვის, მაგრამ თითოეულის ეგოიზმმა და სიხარბემ იგი ნაწილ-ნაწილ გააქრო.
ისტორიები უამრავია, უარავ პერსონაჟზე. ზოგი სევდიანია, ზოგი ნაკლებად, თუმცა ყველა მათგანში იგრძნობა სიუცხოვე, მარტოობა, მიუსაფარობა, მარადიული ლოდინი. ყველაზე მეტად კი, ისტორიაში მოხუცი კაცის შესახებ, რომელიც ახალგაზრდული ოინებით სატელეფონო ჩანაწერებს გააკეთებს იმ დროისთვის, როცა ძალიან დაბერდება თუ ისევ მარსზე იქნება მაშველი ექსპედიციის მომლოდინე. ახალგაზრდა ბარტონი მოხუც ბარტონს დასცინის, აბუჩად იგდებს, ამცირებს და სიგიჟემდე მიჰყავს. სამოცწლიანი მარტოსული წლების შემდეგ, უცხო, იმედისმომცემი სატელოფონო ზარი მის სატანჯველად იქცევა და საბოლოოდ მოუღებს ბოლოს. იგი კვდება, მაგრამ არსებობას განაგრძობენ, წლობით ნაგროვები ახალგაზრდა ბარტონები, რომლებიც მარსის გულისგამაწვრილებელ სიჩუმეს, კიდევ უფრო გულისგამაწვრილებელი სატელეფონო ზარებით არღვევენ.
მრავალი იმედგაცრუებისა და მარცხის შემდგომ, საბოლოოდ, მარსზე კვლავ დაბრუნდება სიცოცხლე. ადამიანები, რომელთა უმთავრეს საზრუნავს არსებობის გაგრძელება წარმოადგენს, მათივე თეორიის მიხედვით, მიმოიფანტებიან მთელ სამყაროში, როგორც გაზაფხულის ხნულებში გაბნეული მარცვლები, რათა იცოცხლონ, იცხოვრონ და დაუშვან შეცდომები, რომელთა გამოსწორებას, ხშირად მათი სიცოცხლის ხანგრძლივობაც ვერ ჰყოფნის.
"მარსის ქრონიკა" თითქოსდა სამეცნიერო ფანტასტიკაა, ამასთან აქ ყველაზე ნაკლები რაოდენობითაა მეცნიერებაც და ფანტასტიკაც...
Comments
Post a Comment