კაზუო იშიგურო - არასოდეს გამიშვა



ჰო, მეც ვფიქრობ, რომ სალათინოამერიკულსერიალო სათაური უფროა, მაგრამ ღლაბუცის სურვილი რამდენიმე გვერდის წაკითხვის შემდეგ უთუოდ გადაგივლით, რადგან  მძიმე შინაარსი და შესაბამისი განწყობა, რომელიც მას მოაქვს,  წაკითხვის შემდეგაც კარგა ხანს გაგყვებათ. ეს წიგნი, ნობელის პრემიის მქონე იშიგუროს ყველაზე ცნობილი დისტოპიური რომანია, რომელმაც მრავალფეროვანი გამოხმაურება და არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.
ერთი შეხედვით, ჩვეულებრივ სასკოლო დაწესებულებაში მოზარდი ბავშვები მუდმივად გრძნობენ, რომ ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არ არიან. მასწავლებელთა უმეტესობა მათგან დისტანცირებას ამჯობინებს, ზოგს კი ისე ეშინია, თითქოს ბავშვები კი არა - ობობები იყვნენ. რატომღაც მხოლოდ შემოქმედებით უნარებს უვითარებენ და არცერთ მათგანს აზრადაც არ მოსდის გაქცევა, რადგან ჰეილშემს გარს ტყე აკრავს, ტყე კი მოჩვენებებით და ავსულებითაა სავსე. იქ წასული და უკან დაბრუნებული არავის უნახავს, ყოველ შემთხვევაში, ამ და მსგავს ლეგენდებს შთააგონებებენ მათ მასწავლებლები. არავის ახსოვს როდიდან, მაგრამ ყველა ბავშვს გაცნობიერებული აქვს, რომ მათი ბედი განსაზღვრულია. გარკვეული ასაკის შემდეგ ისინი დონორები გახდებიან და გასცემენ ორგანოებს მანამ, სანამ ნაწილ-ნაწილ არ გათავდებიან.


შემზარავია, მაგრამ ეს არის მომავლის სამყარო, სადაც მედიცინა იმდენად განვითარდა, რომ ყველა უკურნებელი დაავადების დამარცხება გახდა შესაძლებელი. „არსაიდან“ მოსული ორგანოები სასწაულებს ახდენს, ხოლო ადამიანური ტრაგედიები, რომლებიც ამ ორგანოების წარმომავლობას უკავშირდება არავის აინტერესებს. უფრო სწორად, აინტერესებდათ მანამ, სანამ მათი უახლოესი ადამიანები გაუხდებოდათ ავად. და ვინაიდან,  ბევრად მარტივი გახლდათ ერწუნათ, რომ დონორებს სული არ აქვთ, რადგან ისინი სხვა ადამიანების კლონებს წარმოადგენენ, ასეც მოიქცნენ. ორგანოები ჩვეულებრივი ყიდვა-გაყიდვის საგნად იქცა, ხოლო კლონები მათ დროებით საწყობად. ამ ვითარების ფონზე, გაჩნდა წინააღმდეგობის მოძრაობები, რომლებიც საზოგადოების უმნიშვნელო ნაწილს შეადგენდნენ და რომლებმაც ვერაფერი დაუპირისპირეს მზარდ მოთხოვნას. როგორც ხდება ხოლმე, უხილავმა ხელმა ისინი უმალვე მოისროლა და გააქრო, რადგან საზოგადოების ნაზ ყურებს მათი ყვირილი ზედმეტად ხვდებოდათ და რა თქმა უნდა, ბევრად ერჩიათ დახშული ყურებით აევლოთ გვერდი პარალელური ჯოჯოხეთური სამყაროსთვის.
ამ წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთი წარმომადგენელია, სწორედ, ჰეილშემის დირექტორი - მის ემილი, რომელიც კონკრეტული მაგალითის საფუძველზე ცდილობს ხალხის დარწმუნებას, რომ თუ ბავშვს ჩვეულებრივ კულტურულ გარემოს შეუქმნი, იგი ჩვეულებრივ ადამიანად ჩამოყალიბდება, ყოვლად ჩვეულებრივი განცდებით და ემოციებით. სწორედ, ამ სკოლის აღსაზრდელები არიან ქეითი, რუთი და ტომი, რომელთა ერთმანეთზე გადახლართული ცხოვრება ერთი მეორეზე ტრაგიკულად ვითარდება. სამი, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ხასიათის და მისწრაფებების მქონე პიროვნება, მაინც უამრავ საერთოს პოულობს და სიცოცხლის ბოლომდე ინარჩუნებენ ერთმანეთს. მათთვის ოჯახი მათი მეგობრობაა, ხოლო არარსებული „სახლი“ - ჰეილშემი. როგორც სხვები, ისინიც ეძებენ თავშესაფარს, საფუძველს, საწყისს და ამისთვის იგონებენ უამრავ თეორიას მათი წარმომავლობის შესახებ. ყველა სახეში ეძებენ მათ ორეულებს, ვისგანაც წარმოიშვნენ და ყველა ჯერზე უფრო ძლიერ იმედგაცრუებას იღებენ, რადგან ყველა თეორიას ერთ კონკრეტულ სათავესთან მიჰყავს, რომ ისინი საზოგადოების ნარჩენებს წარმოადგენენ, „ზღვის ნაპირზე გამორიყულ ნაგავს“. რომ ისინი ერთი კონკრეტული მიზნისთვის შეიქმნენ და რომ მათი ოცნებები და სურვილები საფუძველშივე განწირულია. განსაკუთრებულზე კი არაფერზე ოცნებობენ, მხოლოდ უბრალო ფერმერობა შეეძლოთ ან ოფისის ჩვეულებრივი თანამშრომლები ყოფილიყვნენ, ერთი ეგაა დრო ჰქონოდათ მეტი, დრო - რომ საკუთარი ცხოვრებით ეცხოვრათ.


უცნაურია, მაგრამ მთელი თხრობის მანძილზე არავის უჩნდება პროტესტი და სურვილი, თავი დააღწიოს აქაურობას, თითქოს თავიდანვე უჩვეულო თვინიერებით შეგუებულები არიან წინასწარ განსაზღვრულს და დაგეგმილ უმომავლო მომავალს. ყველაზე მეამბოხე აღსაზრდელი - რუთიც კი, თავის დამკვიდრების უჩვეულო გზას მიმართავს და გარშემომყოფთა მიბაძვით, მათი მანერების და ჩვევების გადმოღებით,  ცდილობს თავის ჩვეულებრივ ადამიანად წარმოჩენას. თითქოს თვითონაც ეჭვი ეპარებათ თავიანთ სრულფასოვნებაში და პირველ რიგში, თავიანთ თავებს უმტკიცებენ რომ საზოგადოების ისეთივე სრულუფლებიან წევრებს წარმოადგენენ, როგორც დანარჩენები. გაურკვეველმა წარმომავლობამ, წვეთ-წვეთობით მიწოდებულმა დამახინჯებულმა ინფორმაციამ, საზოგადოების  სრულმა უგულებელყოფამ და უარყოფამ მათ არამარტო მომავალი, არამედ მთელი აწმყო და ყველა იმედი წაართვა, რომ არსებულის წინააღმდეგ გაბრძოლება რამედ ღირს. მაგრამ რატომ ერთმა მაინც არ სცადა?

რაც შეეხება სათაურს, „არასოდეს გამიშვა“ ქეითის საყვარელი სიმღერის სათაურია, რომელსაც განსხვავებული შინაარსის მიუხედავად, თავისებური ინტერპრეტაცია მისცა. განმარტოებისას, ბალიშს მიიკრავდა და წარმოიდგენდა, რომ თითქოს „ეს იყო სიმღერა ქალზე, რომელსაც უთხრეს შვილი არ გეყოლებაო. მერე კი, მაინც რომ ეყოლა და ძალიან გაუხარდა, მკერდზე მიიკრა და იმის შიშით, არაფერმა დაგვაშოროსო, ამბობდა: „არასოდეს გაგიშვებ, ჩემო პატარავ“. ამ სცენას შეესწრება სკოლის ერთ-ერთი დამაარსებელი - მადამი, რომლისთვისაც აქ მთავრდება კლონების სულიერებაზე ყოველგავარი კამათი, ვინაიდან დაინახავს „ახალ სამყაროს, რომელიც სწრაფად ახლოვდება. უფრო მეცნიერული, ეფექტური, დიახ, მეტი წამლით აღჭურვილი ძველ სნეულებებთან საბრძოლველად. ძალიან კარგი, მაგრამ მკაცრი, ბოროტი სამყარო. პატარა გოგონას დაინახავს, მაგრად დახუჭული თვალებით. მკერდზე ძველი სამყარო მიეკრა, სამყარო, რომელსაც დიდი დღე აღარ ეწერა და გოგონამ ეს გულის სიღრმეში იცოდა. ამიტომ ეჭირა და ემუდარებოდა, არასოდეს გამიშვაო.“



Comments

Popular posts from this blog

ფრანც კაფკა - ამერიკა

ლაიონელ შრაივერი - კევინზე უნდა დაგელაპარაკო...

რომენ გარი - ევროპული აღზრდა